“დასავლეთის ფრონტი უცვლელია” არის ერიხ მარია რემარკის (1898-1970) რომანი, რომელმაც ავტორს უდიდესი პოპულარობა და მსოფლიო აღიარება მოუპოვა.რომანში აღწერილია პირველი მსოფლიო ომის (1914-1918) მოვლენები, რომლის მონაწილეც ავტორი თავად იყო.
რომანში შექმნილი რეალური ომის ატმოსფერო მკვეთრად გამოირჩეოდა და უპირისპირდებოდა იმ დროისთვის დამკვიდრებულ ჰეროიკულ ლიტერერატურას.
ფრონტის ამბავი მოთხრობილია “დაკარგული თაობის” ჯარისკაცის მიერ. გადმოცემულია ომის სრული უაზრობის განცდა, რასაც ამძაფრებს უიმედობა და გარდაუვალი დამარცხების მოლოდინი.
რომანი თავდაპირველად, 1928 წელს ბერლინურ გაზეთ Vossische Zeitung-ში იბეჭდებოდა. გამომცემლობას არ ქონდა იმედი, რომ 1928 წელს, პირველი მსოფლიო ომის დასრულებიდან 10 წლის თავზე, თემა მკითხველის ინტერესს გამოიწვევდა. ამიტომ ავტორთან ხელშეკრულებაში ჩაიდო მუხლი, რომლის მიხედვითაც, რომანის წარუმატებლობის შემთხვევაში, რემარკს პუბლიკაციის ხარჯები გაზეთში ჟურნალისტური მუშაობით უნდა აენაზღაურებინა.
შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გაზეთის ტირაჟი რამდენჯერმე გაიზარდა უმოკლეს დროში. 1929 წელს გამოიცა წიგნად და იქცა გერმანიის ისტორიაში ყველაზე უფრო გაყიდვად წიგნად. რამდენიმე თვეში გაიყიდა ნახევარ მილიონზე მეტი, ხოლო წელიწადნახევარში ორმილიონნახევარი ტირაჟით. იმავე წელსვე ითარგმნა მსოფლიოს 26 ენაზე. ერთი წლის მერე ამერიკელი რეჟისორის მიერ გადაღებული ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია დაჯილდოვდა ოსკარით (შემდგომში რომანის მიხედვით კიდევ რამდენჯერმე გადაიღეს ფილმი). 1931 წელს წარდგენილი იყო ნობელის პრემიაზე.
1933 წელს, ხელისუფლებაში მოსულმა ნაცისტებმა წიგნი აკრძალეს, ამოიღეს მოსახლეობიდან და აუტოდაფეზე დაწვეს.
"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" აღწერს უბრალო ჯარისკაცის თვალით დანახულ პირველი მსოფლიო ომის საშინელებებს. რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი, იგი იბრძოდა1917 წლიდან ომის ბოლომდე და არაერთხელ იყო დაჭრილი. ეს რომანიც, როგორც მისი რამდენიმე მომდევნო რომანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.
რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში. ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის ფრონტზე ცხოვრებას. რომანში კარგადაა აღწერილი მათი მჭიდრო მეგობრობა.
რომანში აღწერილია დაბომბვების სერია, ფრონტზე ცხოვრების მძიმე პირობები და ბრძოლები. ამავდროულად მეგობრები ხშირად მსჯელობენ ომის მიზეზებზე და მიდიან დასკვნამდე რომ მათთვის იგი სრულიად უაზროა.
ამ წიგნში ჯარისკაცები ნაჩვენები არიან არა როგორც გმირები, არამედ როგორც უბრალო ახალგაზრდა ხალხი, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებებით, თავისი ხასიათებით და მისწაფებებით, რომლებიც გააერთიანა და შერწყა ომმა. ხშირად მიდის მსჯელობა იმის შესახებაც რომ ახალგზრდა ჯარისკაცებს, რომლებსაც ჯერ არაფერი არ გააჩნიათ და ვისთვისაც ცხოვრება სწორედ ომით დაიწყო, უკან დაბრუნება ძალიან გაუჭირდებათ, ამავდროულად ყველანი მოუთმენლად ელოდებიან ომის დასასრულს.
პაული იღებს შვებულებას და რამდენიმე კვირით შინ ბრუნდება, მის მიერ მიტოვებულ სამყაროში. აქ იგი თავს უსაზღვროდ უცხოდ გრძნობს, თან ფრონტიდან ჩამოსულ ჯარისკაცს სახლში უამრავი პრობლემა ხვდება: დედა კიბოთი დაავადებულია, შიმშილი და გაჭირვება. იგი ვერ ახერხებს ოჯახის წევრებთან საერთო ენის პოვნას და სურს რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს ფრონტზე თავის მეგობრებთან.
ფრონტზე კი პაულის გვერდით ერთი მეორეს მიყოლებით იღუპებიან მისი სკოლის მეგობრები. პაული და მისი მეგობარი კროპი დაიჭრნენ და ერთად მოხვდნენ ლაზარეთში. პაულს შეუძლია ფრონტზე დაბრუნება, კროპი კი კარგავს ფეხს, რაც მის ფსიქიკაზე ძალიან მძიმედ აისახა.
ერთერთი უკანასკნელი იღუპება კატჩინსკი, რის შემდეგაც პაული ფრონტზე ძველი მეგობრების გარეშე რჩება. რემარკი მთავარ გმირსაც არ ინდობს და კლავს ომის ბოლო დღეებში, როდესაც დასავლეთის ფრონტზე ისეთი სიმშვიდე იყო, რომ გაზეთებში ცნობები მხოლოდ ერთი ფრაზით შემოიფარგლებოდა "დასავლეთის ფრონტი უცვლელია"
No comments:
Post a Comment