დაკარგული სამყარო - ინდი

"ინდის ცივილიზაცია გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ეგვიპტისა და მესოპოტამიისა".
ძველმა ინდურმა ცივილიზაციამ, რომელიც თანამედროვე ინდოეთის, პაკისტანის, ნეპალისა და ბანგლადეშის ტერიტორიაზე დაახლოებით 4000 წლის წინ არსებობდა, როგორც ცნობილია, კოლაფსი განიცადა. ეს კი მეცნიერთა აზრით, კლიმატურმა ცვლილებებმა გამოიწვია. 
ცივილიზაციამ განვითარებას მიაღწია დაახლოებით 5200 წლის წინ, ხოლო 3900-3000 წლის წინ დაეცა. მიტოვებული ქალაქების მოსახლეობის დიდი ნაწილის მიგრაცია აღმოსავლეთით მოხდა. 

"ანტიკური ეპოქა იცნობს ეგვიპტესა და მესოპოტამიას, მაგრამ ინდის ცივილიზაცია, გაცილებით დიდი, ვიდრე ეს ორი, სრულიად დავიწყებული იყო 1920 წლამდე", _ ამბობს მასაჩუსეტსის ვუდს ჰოულის ოკეანოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი ლივიუ ჯოსანი. 
გეომონიტორინგისა და არქეოლოგიის ანალიზმა აჩვენა, რომ კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი, ინდის ცივილიზაციის დაღუპვის მიზეზი სწორედ კლიმატური ცვლილებები გახდა. გამოკვლევამ წერტილი დაუსვა ხანგრძლივ დავას, რამ გამოიწვია ამ განვითარებული ცივილიზაციის დაღუპვა.
ძველეგვიპტურსა და შუმერულთან შედარებით, ინდის ცივილიზაციას გაცილებით დიდი ფართობი ეკავა და მოსახლეობა დაახლოებით 5 მილიონ კაცს შეადგენდა. ცივილიზაციის ცენტრს კი ქალაქები მოჰენჯო-დარო და ჰარაპა წარმოადგენდნენ. ეს ქალაქები მხოლოდ გასული საუკუნის 20-იან წლებში გაითხარა.
"ჩვენ აღწერეთ ბარის ლანდშაფტის ცვლილებების დინამიკა, სადაც ჩამოყალიბდა, ყვაოდა და შემდეგ ჩაქრა ეს ცივილიზაცია. შედეგად მივიღეთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს წლების განმავლობაში აწვალებდა", _ ამბობს ლივიუ ჯოსანი.
ჰარაპის ცივილიზაციის დასახლებული პუნქტების ნანგრევების დიდი უმრავლესობა მდინარიდან მოშორებულ, გამომშრალ და მზისგან გადამწვარ ტერიტორიებზე მდებარეობს. 
ძველი ეგვიპტისა და შუამდინარეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, რომელთა სულიერი და მატერიალური მიღწევები გვიანდელმა, მათ შორის დასავლეთევროპულმა კულტურებმა გაითავისეს, ძველინდურ ცივილიზაციას ნაკლებად გაუმართლა. მისი არსებობის შესახებ მსოფლიომ ძალიან გვიან, XX საუკუნის 20-იან წლებში შეიტყო. მას შემდეგ, რაც მოჰენჯო-დარო და ჰარაპა გაითხარა. თუმცა პირველად ვარაუდი, რომ არიელების მოსვლამდე დასავლეთ ინდოეთში ქალაქები ყვაოდა, ცნობილმა ბრიტანელმა ინდოლოგმა ალექსანდრ კანინგემმა XIX საუკუნეში გამოთქვა.
კვლევის შედეგები, რომელიც Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა, მსხვილი დისციპლინათშორისი პროექტის საფუძველი გახდა, რომელმაც გეოლოგები, გეომორფოლოგები, არქეოლოგები და მათემატიკოსები მოიცვა. პროექტში ჩაერთნენ მეცნიერები ინდოეთიდან, პაკისტანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, რუმინეთიდან და აშშ-დან. ისინი ამ დიდი სადრენაჟო-საირიგაციო ზონის ევოლუციას ხუთი წლის განმავლობაში, 2003-დან 2008 წლამდე იკვლევდნენ.
თანამგზავრული ფოტოებისა და ტოპოგრაფიული მონაცემების საშუალებით, რომელიც რადარებით შეგროვდა, ინდისა და მის მეზობელ მდინარეთა ლანდშაფტის ციფრული რუკები შედგა. ამან სპეციალისტებს საშუალება მისცა, ბოლო 10 ათასი წლის განმავლობაში მდინარე ინდის აუზის გეოლოგიური და აგრარული ევოლუციის სურათი აღედგინათ. 
"ინფორმაციის შეჯერებით გამოვარკვიეთ, რომ ჰარაპის კულტურის გვიანდელ პერიოდში, სისტემატურად ხდებოდა ძველი აგრარული მოსახლეობის მიგრაცია აღმოსავლეთით, იყოფოდა უფრო წვრილ კომუნებად, ხოლო ჰარაპის ცივილიზაციის მსხვილი ცენტრები დეგრადირდებოდა", _ ამბობს კვლევის ერთ-ერთი თანაავტორი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის არქეოლოგი დორინა ფულერი. 
როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ინდის ცივილიზაციის კოლაფსის მიზეზი ჰიმალაის მთების მყინვარებით კვებულ მდინარეებში წყლის შემცირება და მუსონები გახდა. ამან მდინარეთა დინება შეცვალა. მდინარეებზე კი ტერიტორიათა მთელი აგრარული სისტემა იყო დამოკიდებული. მეურნეობის წარმოება სულ უფრო სარისკო ხდებოდა. მოსახლეობის მიგრაცია მუსონების კვალდაკვალ მუდმივად გრძელდებოდა და საბოლოოდ წვრილ კომუნებად დაქუცმაცდა... 

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

No comments:

Post a Comment