Pages

ჯვაროსნული ომები



ჯვაროსნული ომები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე.

ჯვაროსნული ომები — დასავლეთ ევროპული ქრისტიანული ერის რელიგიურად და ეკონომიურად მოტივირებული ომები. საფუძველი ჩაეყარა XI საუკუნის დასაწყისში, როცა ბიზანტიის კეისარმა, ალექსი I კომნენოსმა, სელჩუკების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებისათვის მიმართა ევროპას. ამას მოჰყვა რომის პაპის ურბან II-ის გადაწყვეტილება, რომელიც 1095 წელს წმინდა მიწის, იერუსალიმის, ურწმუნოთა ხელიდან გათავისუფლებას მოითხოვდა.
მიუხედავად ომების არაორგანიზებულისა და უმართაობისა (ეს კარგად გამომჟღავნდა პირველ და მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობებზე, როდესაც გლეხთა განწირული ჯარები დაიძრნენ წმინდა ადგილების დასახსნელად და როდესაც ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს) ლაშქრობებმა უდიდესი როლი შეასრულეს ევროპისა და აზიის ქვეყნების დაახლოებაში, ევროპელებმა გაიფართოვეს ცოდნა აღმოსავლეთზე და მსოფლიოზე.
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობაპირველი ჯვაროსნული ლაშქრობა განხორციელდა 1095 წელს რომის პაპი ურბან II-ის ინიციატივით მუსულმანთაგან წმინდა ქალაქი იერუსალიმისა და წმინდა მიწის გასათავისუფლებლად. თავდაპირველად პაპის მიმართვა მხოლოდ საფრანგეთის რაინდებს გაეგზავნა, თუმცა შემდეგში ლაშქრობა სრულმასშტაბიან სამხედრო კამპანიად გადაიქცა, ხოლო ამ იდეამ მთელი დასავლეთ ევროპის სახელმწიფოები მოიცვა. ყველა ეროვნების რაინდი უბრალო ხალხთან ერთად აღმოსავლეთისკენ დაიძრა ხმელეთითა და ზღვით და 1099 წლის ივლისში იერუსალიმი აიღეს. ამ ლაშქრობისას დაარსდა იერუსალიმის სამეფო და სხვა ქრისტიანული სახელმწიფოები მის გარშემო.
 იერუსალიმის აღება


მიზეზი
1095 წელს ბიზანტიის იმპერატორმა ალექსი I-მა რომის პაპს თხოვნით მიმართა. იმპერატორი ამბობდა, რომ თურქ-სელჩუკთა იმპერია ძალიან გაძლიერდა. მუსულმანები უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქრისტიანული სამყაროსათვის. მათი ბოლო დაპყრობილი ქალაქი ნიკეა იყო, რომელიც საკმაოდ ახლოს მდებარეობდა კონსტანტინოპოლთან, ბიზანტიის დედაქალაქთან. თურქები ასევე ერთპიროვნულად აკონტროლებდნენ, ანატოლიას (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია). ალექსი I მუსულმანების წინააღმდეგ დახმარებას ითხოვდა. იმპერატორის დესპანი ზემოთ აღნიშნული თხოვნით რომის პაპ ურბან II – თან 1095 წლის მარტში ჩავიდა. რომის პაპი ხედავდა ევროპაში შექმნილ მდგომარეობას. იმ დროისათვის იქ უმარავი ღარიბი რაინდი იყო. მათმა ნაწილმა თავის გადასარჩენად ძარცვასაც მიჰყო ხელი. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი გლეხობა. ახალი ლაშქრობა ბიზანტიის დასახმარებლად და მუსულმანების წინააღმდეგ მათთვის იდეალური იქნებოდა, რადგან იმ დროისათვის ომები ძლიერი არმიისათვის და მისი ჯარისკაცებისათვის თითქმის ერთადერთი შანსი იყო ქონების დაგროვებისა. აგრეთვე, პერსპექტივაში ისახებოდა პაპის ძალაუფლების და კათოლიკური ეკლესიის შემოსავლების საგრძნობი ზრდა.
მზადება ლაშქრობისათვის
პაპმა ურბან II-ემ ლაშქრობის დასაწყებად დიდებულების მიმხრობა დაიწყო. მის გადამწყვეტ ნაბიჯად 1095 წლის ნოემბერში სამშობლოში – საფრანგეთში ჩასვლა და პატარა ქალაქ კლერმონში საეკლესიო კრების მოწვევა მიიჩნევა. მართლაც, კლერმონში უამრავმა რელიგიურმა პირმა მოიყარა თავი. ამ შეკრებაზე პაპმა ურბან II-მ ისტორიული სიტყვა წარმოთქვა. მან ისაუბრა ევროპის იმ დროინდელ მძიმე მდგომარეობაზე და დაასკვნა, რომ საჭირო იყო დამყარებულიყო ღვთაებრივი მშვიდობა, თუმცა არა ისეთი, როგორიც უკვე ჰქონდათ. პაპი შეეხო ბერძენთა საკითხს, რომლებიც დახმარებას ითხოვნდნენ მუსულმანების წინააღმდეგ, აგრეთვე შეეხო აღმოსავლელი ქრისტიანების დაჩაგვრის ფაქტებს და მთავარზე გადავიდა: საჭირო იყო სრულიად ახალი ომის დაწყება, სადაც ჯარისკაცი იქნებოდა პილიგრიმი (მომლოცველი), ბრძოლის მიზანი – ქრისტეს საფლავი, შედეგი – გარდაცვლილთათვის ზეციური სამოთხე, ცოცხლად გადარჩენილთათვის კი მიწიერი იერუსალიმი. ასევე აღნიშნა, რომ ქრისტეს საფლავის გათავისუფლება არ იქნებოდა ერთადერთი შედეგი ჯვაროსნული ლაშქრობისა. ამ ომის შემდგომ მთლიანად ანატოლიას, ანუ შავი ზღვის სამხრეთ ნაწილს არა მუსულმანები, არამედ ერთმორწმუნე ქრისტიანები გააკონტროლებდნენ. კლერმონის კრების ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად პაპის გამოსვლის დასასრულს, დარბაზში შეძახილები გაისმა: ” ღმერთი არს ჩვენთან!”
პაპს ყველაფერი მშვენივრად ჰქონდა დაგეგმილი. მან მალე აიყოლია საფრანგეთის სახელმწიფო ლიდერები. რაც შეეხება მეომრებს, ხალხს, რომელსაც უნდა ებრძოლა თურქ-სელჩუკების წინააღმდეგ, მათი რიცხვი თავიდან ძალიან მცირე იყო. რაინდები თითქოს თავს იკავებდნენ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობისგან, თუმცა მას შემდეგ, რაც რამდენიმე სახელოვანი რაინდი შეუერთდა ჯვაროსნებს, მათმა რიცხვმა გეომეტრიული პროგრესიით დაიწყო ზრდა. პაპ ურბან II-ს ძალიან უხაროდა რაინდთა რიცხვის ზრდა ლაშქარში, რადგან ისინი, გლეხებისგან განსხვავებით ბრძოლაში გამოცდილნი და უკეთ გაწვრთნილნი იყვნენ. საბოლოოდ ექვსი დიდი არმია შეიკრიბა. ორი არმია განლაგებული იყო საფრანგეთის ჩრდილოეთში. მათ მეთაურობდა ჰერცოგი ნორმანდიელი, ინგლისის მეფის უილიამ II-ის ძმა. აგრეთვე ჯარები განლაგებული იყო საფრანგეთის სამხრეთში, ბულონში, გოტფრიდ ბულონელის მეთაურობით. იტალიაში და კონსტანტინოპოლში კი – ტარანტელის მეთაურობით. სწორედ ბიზანტიის დედაქალაქში უნდა მომხდარიყო ჯვაროსანთა შეკრება და შემდეგ უნდა განხორციელებულიყო შეტევა თურქთა ქალაქებზე. ლაშქრობის მეთაური, ანუ მთავარსარდალი კი ბიზანტიის იმპერატორი ალექსი I უნდა ყოფილიყო. პაპმა ლაშქრობის დაწყების დღედ 15 აგვისტო გამოაცხადა, თუმცა ამ თარიღამდე ერთი თვით ადრე მცირე რაოდენობის “წარჩინებულთა” არმიამ თავისი გზით დაიწყო სვლა. მათი ლიდერი ქარიზმატული და რაინდი პიტერი იყო. ის იმ დროისათვის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ჯვაროსნად ითვლებოდა. თავის არმიაში მან უდიდესი ენთუზიაზმი ჩანერგა და იერუსალიმისკენ დაიძრა მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ იცოდა სად მდებარეობდა ეს ქალაქი. თურქეთის ტერიტორიაზე გადასვლამდე მან ადგილობრივ ქრისტიანებთანაც მოასწრო დაპირისპირება. კონფლიქტის ძირითადი მიზეზი საკვები იყო, თუმცა საქმე არ გართულებულა. რამდენიმე დღის შემდეგ “წარჩინებულთა” არმია თურქ-სელჩუკთა უზარმაზარი და გამოცდილი ჯარის პირისპირ დადგა. აგვისტოს ბოლოსთვის პიტერის არმიის უდიდესი ნაწილი უკვე განადგურებული იყო. თავად პიტერი და 50 რჩეული რაინდი თურქულ ქალაქ სოვეტოტთან დამარცხდნენ მუსულმანი მშვილდოსნების მიერ.
ლაშქრობის დაწყება
ოთხი მთავარი არმია ჯვაროსნების გეგმის მიხედვით დაიძრა კონსტანტინოპოლისკენ აგვისტოს შუა რიცხვებში. პირველი, ვინც ბიზანტიის დედაქალაქის კედლებს მიადგა გოტფრიდის ჯარისკაცები იყვნენ, შემდეგ გამოჩნდნენ რაიმონდ ტულუზელისა და ბიემენდ ტარანტელის არმიელები. იმპერატორი ალექსი იდეალური მზადყოფნით შეხვდა ევროპელებს, ამიტომაც ინციდენტების რიცხვი მინიმალური იყო. 1097 წლის აპრილისათვის უკლებლივ ყველა ჯვაროსნის ადგილსამყოფელი ბიზანტიის დედაქალაქი იყო. მათ საერთო რაოდენობაზე სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს. ყველაზე სარწმუნო წყაროს მიხედვით ჯვაროსანთა რიცხვი 35 000 მეომარს შეადგენდა. მათგან 5 000 კავალერისტი იყო. ყველაზე მეტი ჯარისკაცი რაიმონდ ტულუზელმა ჩაიყვანა – 8 500 კაცი, აქედან 1 200 კავალერისტი. ჯვაროსნები დარწმუნებულები იყვნენ, რომ მათ სათავეში ალექსი I ჩაუდგებოდა, თუმცა იმპერატორმა ფორმალური ლიდერობა ითავა, ისიც მანამ, სანამ ჯვაროსნები ბიზანტიის საზღვრებს გასცდებოდნენ. ის შეხვდა სარდლებს და გაუზიარა თურქებთან ბრძოლის გამოცდილება. აგრეთვე დახმარება აღუთქვა საკვების მიწოდების საკითხში. მან სრულად გაუხსნა საზღვრები ჯვაროსნებს და დაჰპირდა, რომ უკან დაბრუნებისას მათ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდათ.

ნიკეას ალყა
1097 წელის პირველ ნახევარში ჯვაროსნები სალაშქროდ დაიძრნენ. პირველი სამიზნე ნიკეა იყო, ძველად ბიზანტიელთა ქალაქი, იმ დროისათვის კი რუმის სასულთნოს დედაქალაქი, რომელსაც არსლან I მართავდა. არსლანი იმ დროისათვის არ იმყოფებოდა ნიკეაში, იგი ოჯახთან ერთად ცენტრალური ანატოლიის ერთ-ერთ ქალაქში იყო. ჯვაროსნებმა ნიკეას ალყა შემოარტყეს. როგორც კი ეს ამბავი არსლან I-მა გაიგო, მაშინვე დაბრუნდა ნიკეაში და თავისი ჯარით შეუტია ევროპელებს. მუსულმანები დამარცხდნენ, ისინი გაოცებულნი იყვნენ მტრის სიმრავლით. არსლან I ნიკეის ციხესიმაგრეში ჩაიკეტა. ზუსტად ერთ თვეში ჯვაროსნებმა იმპერატორის გეგმის დახმარებით შეძლეს ქალაქში შესვლა. ნიკეა ბიზანტიას დაუბრუნდა, ჯვარონსებმა კი სვლა განაგრძეს.ანტიოქიის ალყა
რამდენიმე მცირე მუსულმანური ჯარის განადგურების შემდეგ ევროპელები ანტიოქიის ციხესიმაგრეს მიადგნენ. ეს იყო ბოლო დიდი ქალაქი იერუსალიმის გზაზე. 1097 წლის 10 ოქტომბერს ჯვაროსნებმა ალყა შემოარტყეს ანტიოქიას. ასეთი სიტუაცია კიდევ ერთ თვეს გაგრძელდა. ამ დროის განმავლობაში ორი დიდი ბრძოლა შედგა. ორივე შეტაკება “პილიგრიმმა მეომრებმა” მოიგეს. ამ გამარჯვებებმა უდიდესი როლი ითამაშა ანტიოქიის აღების საქმეში. წინ კი იერუსალიმი იყო.

იერუსალიმის ალყა
1099 წლის 7 ივნისს ჯვაროსნებმა იერუსალიმს ალყა შემოარტყეს. წმინდა ქალაქამდე მხოლოდ 12 000-მა კაცმა მიაღწია დანარჩენი ან ბრძოლაში დაიღუპა ან აღებულ ქალაქში დარჩა. აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ ევროპელები დახმარებას იღებდნენ მეომრების სახით, ძირითადად ბიზანტიიდან, და საჭმელ-სასმელი არ აკლდათ.
საბოლოოდ, 1099 წლის 15 ივლისს ხის კოშკების და სხვა ხერხების დახმარებით აღთქმული მიწა ქრისტიანების ხელში გადავიდა. ჯვაროსანთა მორწმუნე ნაწილი იერუსალიმში პილიგრიმის ტანისამოსით შევიდა. თუმცა ასეთები ძალიან ცოტანი იყვნენ. ქრისტიანმა მეომრებმა ქალაქში ნამდვილი სასაკლაო მოაწყვეს, დახოცეს 10 000 ადამიანი. მიწა სისხლით იყო გაჟღენთილი. ერთ-ერთი თვითმხილველი წერს: “იმ შემთხვევაში თუ შენ იქ იქნებოდი ნახავდი, რომ ჩვენ, ჯარისკაცებს ფეხები მუხლამდე შეღებილი გვქონდა წითლად, დახოცილთა სისხლით. მე ეს ძალიან არ მინდოდა, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემეძლო”. რამდენიმე დღეში ხოცვა-ჟლეტა შეწყდა, რადგან უბრალოდ აღარავინ იყო მოსაკლავი. დაიწყო ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეორე ჯვაროსნული ლაშქრობა (1145–1149) — ჯვაროსნების მეორე ლაშქრობა ევროპიდან, რომელიც 1145 წელს დაიწყო, წინა წელს ედესას დაცემის გამო. ედესა პირველი სამთავრო იყო შექმნილი პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის შედეგად (1095-1099) და ასევე პირველი, რომელიც დაეცა. მეორე ლაშქრობა პაპმა ევგენი III-მ გამოაცხადა, და ასევე პირველი ლაშქრობა იყო, რომელსაც ევროპელი მეფეები ხელმძღვანელობდნენ, კერძოდ, ლუი VII (საფრანგეთი) და კონრად III (გერმანია), რამდენიმე სხვა ევროპელი დიდგვაროვანის დახმარებით. ორი მეფის არმიამ დამოუკიდებლად გადაჭრა ევროპა და ოდნავ შეფერხდა ბიზანტიის იმპერატორი მანუელ I კომნენუსის მიერ; ბიზანტიის ტერიტორიის გადაჭრის შემდეგ, ორივე არმია დამოუკიდებლად დაამარცხეს თურქ-სელჩუკებმა. ლუიმ და კონრადმა მათი არმიების ნარჩენებით იერუსალიმში ჩასვლა მოახერხეს და , 1148 წელს, დამასკოზე უშედეგო იერიში მიიტანეს. ეს ლაშქრობა დიდი წარუმატებლობა იყო ჯვაროსნებისთვის და დიდი გამარჯვება მაჰმადიანებისთვის. მას შედეგად იერუსალიმის დაცემა და XII საუკუნეში მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა მოჰყვა.

ისტორია
1144 წელს სირიელმა და თურქმა დამპყრობლებმა გაანთავისუფლეს ალეპო და შეიჭრნენ ედესის სამთავროში. მცირე ხნის ალყის შემდეგ, 1144 წლის 24 დეკემბერს ქალაქი ედესა დაეცა. ამას მოჰყვა მთელი ედესის სამთავროს ოკუპაცია მუსლიმთა მიერ. ამით ჯვარსანთა სამეფოებს, ჩრდოლო-აღმოსავლეთით მოეშალათ უმნიშვნელოვანესი დამცავი პლაცტარმი. გარდა ამისა ედესა მდებარეობდა სავაჭროდ მეტად ხელსაყრელ ადგილას სადაც თურქი, არაბი და ევროპელი ვაჭრები ერთად იყრიდნენ თავს. ამის გარდა მუსლიმთა თარეში გახშირდა ანტიოქიისა და ტრიპოლის სამეფოებშიც. საჭირო გახდა მოწყობილიყო ახალი ჯვაროსნული ლაშქრობა.
რომის პაპმა ევგენი III-მ ევროპის მონარქებს მოუწოდა მოეწყოთ ლაშქრობა და გადაერჩინათ ჯვაროსანთა სამფლობელოები აღმოსავლეთში. პაპის მოწოდებას გამოეხმაურა ევროპის ორი უძლიერესი სახელმწიფოს მონარქები, საფრანგეთიდან ლუი VII და გერმანიიდან შტაუფენთა დინასტიის ფუძემდებელი კონრად III. გერმანული არმია საკმაოდ მრავალრიცხოვანი და ორგანიზებული იყო. ფრანგთა არმია კი არ იყო მობილიზირებული, მაგრამ იყო მრავალრიცხოვანი. ფრანგული ძალების დიდი რაოდენობა გლეხებს წარმოადგენდა.
ჯვაროსანთა ძალები 1146 წელს დაიძრნენ. გერმანული არმია მეციდან გაემართა მცირე აზიისაკენ. მათ ფეხით გაიარეს ჩეხეთი, უნგრეთი, ბულგარეთი, ბიზანტია და გადავიდნენ მცირე აზიაში. გერმანული ძალები ნელა და დიდი დანაკარგებით მიიწევდა წინ. ყველგან დათარეშობდნენ თურქული რაზმები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მოულოდნელად თავს ესხმოდნენ გერმანელთა რაზმებს. საბოლოოდ გერმანულმა რაზმებმა ჩააღწიეს ხმელთაშუა ზღვის საპორტო ქალაქ ატოლიაში (დღეისთვის ანტალია) და ზღვით გაემართნენ ანტიოქიაში.
რაც შეეხებათ ფრანგებს ისინი ზღვის გავლით ჩავიდნენ, იერუსალიმის სამეფოს საპორტო ქალაქ აკრაში. ფრანგმა რაინდებმა სულ მალე გლეხები ბედის ანაბარა მიატოვეს. გლეხების დიდი რაოდენობა თურქებმა ამოხოცეს, ნაწილმა კი მუსულმანობა მიიღო და გადავიდა თურქთა მხარეს.
კონრადმა და ლუიმ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ აეღოთ დამასკო. ლაშქრობა დამასკოსკენ 1148 წლის ივლისში დაიწყო. ჯვაროსნებს სულ 50000 კაცი ჰყავდათ, თურქებს კი ბევრად მცირე. შეტევა და ალყა დამასკოზე 1148 წლის 23 ივლისს დაიწყო. ქალაქი კარგად იყო დაცული. 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ქალაქზე იერიში, თუმცა 27 ივლისს ჯვაროსნებმა ქალაქს ალყა მოხსნეს და აკრისკენ გაემართნენ. ალყის მოხსნის მთავარი მიზეზი უსახსრობა გახლდათ. ჯვაროსნებს არც საკმარისი საჭმელი და არც წყალი აღმოაჩნდათ.
შემოდგომაზე შეტევა ხმელთაშუა ზღვის ქალაქ ასკალინზე დაიგეგმა, თუმცა უკვე გულგატეხილი კონრადი და ლუი აღარ იყვნენ დარწმუნებულნი თავის ძალებში და ამიტომ 1149 წლის დასაწისში ორივე მონარქმა წმინდა მიწა სახელგატეხილმა დატოვა.
ამას მოჰყვა მუსლიმთა გაძლიერება და 1174 წელს ერთიან სამეფოდ ჩამოყალიბება, რაც 1187 წელს მუსლიმთა მიერ იერუსალიმის აღებით დამთავრდა.

მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა
მესამე ჯვაროსნული ლაშქრობა (1189-1192) – წამოიწყეს რომის პაპებმა გრიგოლ VIII-ემ და (მისი გარდაცვალების შემდეგ) კლემენტ III-მ. მასში მონაწილეობა მიიღო სამმა უძლიერესმა ევროპულმა მონარქმა — საღვთო რომის იმპერატორმა ფრიდრიხ I ბარბაროსამ, საფრანგეთის მეფე ფილიპ II აუგუსტმა და ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულმა. მისი წინაპირობა გახდა სალადინის მიერ 1187 წელს იერუსალიმის დაპყრობა
სალადინი


წინაპირობა

მეორე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ, აღმოსავლეთში მოხდა მთელი რიგი თვალსაჩინო ცვლილებები, ფრიად საზიანო ჯვაროსანთათვის.
ეგვიპტეში 1163 წელს დაწყებული ბრძოლა, ფატიმიდების დინასტიის წინააღმდეგ (რომლებიც ჯვაროსანთა მოკავშირეებად ითვლებოდნენ), რამდენიმე წელიწადში მათი დამარცხებით და ეგვიპტიდან განდევნით დამთავრდა. 1169 წელს ეგვიპტის ტახტზე ადის ახალი, ჯვაროსანთა მოძულე ხელმწიფე სალაჰ-ად-დინ იუსუფი, რომელიც სალადინის სახელითაა ცნობილი. 1174 წელს სალადინი აერთიანებს სირიას, ეგვიპტესა და მესოპოტამიის დიდ ნაწილს და ხდება სულთანი, რითაც სათავეს იდებს აიუბედების დინასტია.
ამავე 1174 წელს იერუსალიმის მეფე ამალრიკ I კვდება, და ტახტზე ადის მისი 13 წლის ვაჟი ბალდუინ IV. მიუხედვად იმისა რომ იგი იტანჯებოდა მძიმე დაავადება კეთრით, მაინც მოახერხა და შექმნა კარგად ორგანიზებული და დიდი არმია, რომლითაც 1177 წელს, 16 წლის ასაკში, მონჟისარის ბრძოლაში დაამარცხა მანამდე უძლეველი სალადინი. ბალდუინს ბრძოლაში ეხმარებოდა რენო დე შატიიონი, კაცი, რომელსაც მთელ მუსლიმურ სამყაროში იცნობდნენ როგორც კაცთმოძულე პიროვნებას. შატიიონი ძალიან ხშირად ესხმოდა თავს არაბულ სავაჭრო ქარავნებს, წითელ ზღვაში ძარცვავდა გემებს და აწიოკებდა მშვიდობიან მოსახლეობას.
1185 წელს ბალდუინი გარდაცვალა. ტახტზე მისი დის შვილი ბალდუინ V ავიდა თუმცა რამდენიმე თვეში ისიც გარდაიცვალა. სამეფო ტახტი დარჩათ ბალდუინ V-ეს დედას სიბილასა და მის მეორე ქმარს გი დე ლუზინიანს. ამასობაში რენო დე შატიიონი კვლავ დაესხა თავს არაბულ ქარავნებს და იქიდან წამოასხა ტყვეები. სალადინმა მეფეს მოსთხოვა ტყვეების განთავისუფლება, თუმცა უარი მიიღო. სალადინმა ომი დაიწყო იერუსალიმის სამეფოს წინააღმდეგ და 1187 წელს სირიიდან შეტევაზე გადავიდა. მის ხელში იყო კარგად შეიარაღებული 200 ათას კაციანი არმია. სალადინმა ლაშქარი იერუსალიმის ჩრდულოეთით, ტიბერიის ტბასთან დააბანაკა. აქედან იწყებოდა ჰატინის უდაბნო, სადაც წყალი ძალიან ცოტა იყო. სალადინმაც ყველა მდინარე თუ ნაკადული დაწამლა. ჯვაროსნები უწყლოდ დარჩნენ.
სრულიად დეზორგანიზებული ჯვაროსანთა ლაშქარი სალადინმა მალევე გაანადგურა. შატიიონი და ლუზინიანი ტყვედ ჩავარდნენ. როდესაც სულთნის კარავში გის სალადინმა ცივი წყლით სავსე ჭიქა მიაწოდა, მეფემ ჭიქა გამოართვა და რენოს გადასცა. ამ უკანასკნელმაც წყალი შესვა და ამით შეურაცხყოფა მიაყენა სალადინს. გამწარებულმა სულთანმა რენო იქვე მოაკვლევინა ხოლო გი დე ლუზინიანი დამასკოში გაუშვა და პატიმრობაში დატოვა, თვითონ კი იერუსალიმისაკენ გაემართა. რამდენიმე დღიანი ალყის შემდეგ სალადინმა 1187 წლის 2 ოქტომბერს აიღო იერუსალიმი, მოგვიანებით კი ასკალონი, იაფა და აკრა.

ომის დაწყება
როდესაც ეს ამბავი პაპ ურბან III-ს მოახსენეს, ნერვიულობისაგან გარდაიცლავა. მის მაგივრად პაპი გახდა გრგოლ VIII, რომელმაც ევროპის მონარქებს გაერთიანებისაკენ და ახალი ჯვარსნული ომისაკენ მოუწოდა.
პაპის მოწოდებას პირველი, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერატორი ფრიდრიხ I ბარბაროსა გამოეხმაურა, რომელმაც 1188 წლის ბოლოსათვის 100 ათას კაცზე მეტი შემოიკრიბა და 1189 წლის დასაწყისში გაემართა წმინდა მიწისაკენთ. თუმცა არმია იმდენად დიდი იყო, რომ მისი ზღვით ტრანსპორტირება შეუძლებელი აღმოჩნდა. ამიტომ ჯვაროსანთა ლაშქარი ფეხით ბიზანტიისა და მცირე აზიის გავლით გაემართა პალესტინისაკენ.
ბიზანტიის იმპერატორი ისააკ II სალადინთან ფარულად მოკავშირეობდა, მაგრამ როდესაც მან გაიგო ბარბაროსას არმიის სიძლიერე, უკან დახევა არჩია და მშვიდობიანად გაატარა ჯვაროსნები ბოსფორის სრუტეზე. როდესაც ჯვაროსნები მცირე აზიაში გადავიდნენ ზაფხული ახლოვდებოდა ამიტომ საჭირო იყო სწრაფად მიეღწიათ დასახლებული პუნქტებისათვის რათა ამხელა არმიის დაბანაკება შესაძლებელი გამხდარიყო. ჯვაროსნები რუმის სასულთნოს დედაქალაქ იკონიას მიადგნენ, სადაც თურქთა საკმაოდ სოლიდური გარნიზონი იმყოფებოდა, თუმცა ფრიდრიხმა 1190 წლის 18 მაისს აიღო და შემდეგ დაიცვა ქალაქი. ამ წარმატების შემდეგ ლაშქარი სულ მალე დაიძრა ანტიოქიისაკენ, თუმცა გზაში, 10 ივნისს, მდინარე სალეფის გადალახვის დროს, ფრიდრიხი დაიხრჩო. გერმანელთა დიდი ნაწილი უკან გაბრუნდა, მცირე ნაწილი კი ანტიოქიისაკენ დაიძრა.
ამასობაში 1189 წელს სალადინი ათავისუფლებს გი დე ლუზინიანს. იგი გაემართა ჯვაროსანთა პორტ ტიროსისაკენ, თუმცა ის იქ არ შეუშვეს. გი აკრისკენ გაემართა. მან შეკრიბა არმია და ალყაში მოაქცია აკრა. იგი ელოდებოდა ფრანგულ და ინგლისურ ლაშქარს დასავლეთიდან.
მართალც, 1189 წლის მეორე ნახევარში ინგლისის მეფე რიჩარდ I და საფრანგეთის მეფე ფილიპ II ოგიუსტი, რომის პაპის თხოვნით შერიგდნენ და მოემზადნენ ლაშქრობისათვის.
ამასობაში ფილიპე ოგიუსტის ლაშქარი სიცილიის ქალაქ მესინადან ახალი გამოსული იყო და მიემართებოდა წმინდა მიწისაკენ. თავისმხრივ რიჩარდიც ზღვით მიემართებიდა პალესტინისაკენ. ის ჯერ პორტუგალიაში, შემდეგ კი მესინაში გაჩერდა. ინგლისელებს ქალაქი კარგად დახვდათ, მაგრამ მოგვიანებით მესინა ჯვაროსნებს აუჯანყდა. რიჩარდმა ქალაქი დაარბია და გაემართა წმინდა მიწისაკენ.
1191 წლის 30 მარტს ფილიპ II ტიროსში ჩავიდა და გაემართა აკრისაკენ, სადაც ის 20 მაისს ჩავიდა. რიჩარდის არმადა კი ქარიშხალმა კვიპროსის ნაპირებთან მიყარა. 6 მაისს იგი ქალაქ ლიმასოლში ჩავიდა და შექხვდა კვიპროსოს ბიზანტიელ მბრძანებელს ისააკ კომნენოსს, რომელმაც რიჩარდს ერთგულების ფიცი მისცა. მაგრამ როდესაც რიჩარდი ციხე-ქალაქ ფამაგუსტაში ჩავიდა, ისააკმა ფიცი გატეხა და მეფეს მოსთხოვა დაეტოვებინა კვიპროსი. რიჩარდისთვის ეს ბიძგისმინცემი აღმოჩნდა, რათა რამდენიმე დღეში დაეპყრო კვიპროსი. კუნძულის ათვისების შემდეგ რიჩარდი ხომალდებით გაემართა აკრისაკენ. ფილიპის აკრაში ჩასვლამდე მოხდა ერთი მეტად უსიამოვნო ფაქტი ჯვაროსანთათვის. გი ლუზინანის მიერ ალყაში მოქცეული აკრის დასახმარებლად მოვიდა სალადინი და მოალყე ჯვაროსნები აქეთ მოაქცია ალყაში. ჯვაროსანთა ბანაკში დაიწყო შიმშილი და ავადმყოფობა რამაც შეიწირა დედოფალი სიბილა და მისი მცირეწლოვანი ქალიშვილი.
სიტუაცია ფრანგების მოსვლის შემდეგაც მძიმე რჩებოდა. ჯვაროსნებმა ვერც სალადინის ურიცხვი არმიის დამარცხება შეძლეს და ვერც აკრის აღება.
რიჩარდის ჯარებმა აკრას 8 ივნისს მიაღწიეს. ჩასვლისთანავე რიჩარდმა დაიწყო კატაპულტების აგება და მომზადება ქალაქის ასაღებად. რამდენიმე დღიანი შეტევის შემდეგ 12 ივლისს რიჩარდმა მოახერხა აეღო აკრა და განეხორცილებინა სალადინის წინააღმდეგ შეტევა. სალადინი უკუიქცა. აღსაღნიშნავია ის ფაქტიც რომ აღნიშნულ ოპერაციაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ფილიპ ოგიუსტი და ავსტრიის ჰერცოგი ლეოპოლდ V.
აკრის აღების შემდეგ რიჩარდმა, ფილიპმა და ლეოპოლდმა , ნადავლის გაყოფა ვერ მოახერხეს, რის გამოც მათ შორის ისევ შუღლი ჩამოვარდა. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ მონარქები ვერ შეთანხმდნენ ვინ უნდა გამხდარიყო იერუსალიმის სამეფოს მეფე. რიჩარდმა გი დე ლუზინიანის კანდიდატურა დააყენა, ლეოპოლდმა და ფილიპმა უარყვეს გის კანდიდატურა და მოითხოვეს მეფედ ეკურთხებინათ ტიროსის არმიის სარდალი კონრად მონტფერატი. საბოლოოდ რიჩარდის მიერ დასახელებული გის კანდიდატურა გავიდა. ამაზე და სხვა წვრილმანებზე განაწყენებულმა ლეოპოლდმა და ფილიპმა მიატოვეს რიჩარდი და აგვისტოში, არმიითურთ დატოვეს წმინდა მიწა.
რიჩარდს 3000 მუსლიმი მოემარი ტყვედ ჰყავდა. სალადინმა მას მოსთხოვა გადმოეცა პატიმრები, თუმცა რიჩარდმაც თავისმხრივ სხვა პირობები წამოაყენა, რომლის შესრულებაზეც სალადინმა უარი განაცხადა. 20 აგვისტოს რიჩარდმა ყველა ტყვეთაგანი სიკვდილით დასაჯა და გაემართა იაფასაკენ.
სალადინი უკან, იაფასაკენ იხევდა, თუმცა რიცხობრივ უპირატესობაში მაინც იგი გახლდათ. სალადინმა გადაწყვიტა რიჩარდი შეაჩერებინა იაფას ჩრდილოეთით, პატარა დასახლება არსუფთან. რიჩარდის არმია 49 ათას კაცს უდრიდა, სალადინისა კი 53 ათასს აღემატებოდა. რიჩარდის შეუპოვარმა მოქმედებამ, მაგალითი მისცა. მათ სალადინს სძლიეს და 12 სექტემბერს მცირე დანაკარგებით აიღეს იაფა. სწორედ არსუფის ბრძოლაში მიიღო რიჩარდმა მეტსახელი ლომგული, რომელიც მის ვაჟკაცობას და შეუპოვრობას გამოხატავდა. იაფაში რიჩარდი შეხვდა თავის სიძესა და ასევე სალადინის ძმას ალ-ადილს.
ამის შემდეგ რიჩარდი გაემართა ქალაქ ასკალონისაკენ რომელიც ჯვაროსნებმა მინიმალური დანაკარგებით აიღეს. რიჩარდმა გადაწყვიტა იერუსალიმზე შეტევა, თუმცა ძალების სიმცირის გამო იგი არ ჩქარობდა. მან სთხოვა კონრადს დახმარება, თუმცა უარი მიიღო, იგი მოითხოვდა მეფედ ეკურთხებინათ ის და არა გი დე ლუზინიანი. რიჩარდი დათანხმდა. თუმცა კონრადი მეფედ არ უკურთხებიათ. იგი კორონაციამდე რამდენიმე დღით ადრე მოკლეს ტიროსის ქუჩებში. რიჩარდი იერუსალიმისაკენ მაინც დაიძრა და მალე რკალისებურ ლაყაში მოაქცია იგი. რიჩარდს ჰქონდა ძალა აეღო ქალაქი მაგრამ მის დაცვას მოგვიანებით ვერ შესძლებდა. ეს მან კარგად იცოდა, ამიტომ უკან დახევა არჩია.
ამით წაქეზებულმა სალადინმა 1192 წლის ივლისში, 500-მდე კაცით იაფას შეუტია და აიღო იგი. რამდენიმე დღეში 31 ივლისს იგი რიჩარდმა გაანთავისუფა . რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს მან ს ოპერაცია 55 კაცით შეძლო. საბოლოო ბრძოლა როჩარდსა და სალადინს შორის მოხდა 1192 წლის 5 აგვისტოს. ბრძოლა ჯვაროსანთა ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა. სალადინი უკუიქცა.
2 სექტემბერს რიჩარდსა და სალადინს შორის დაიდო ზავი, რომლის თანახმადაც რიჩარდს რჩებოდა დაპყრობილი ტერიტორიის 90%, სადაც იარსებებდა იერუსალიმის სამეფო, დედაქალაქ აკრით. მუსლიმებს რჩებოდათ იერუსალიმი, თუმცა ზავის საფუძველზე მლოცველებს, მოსახლეობასა და ვაჭრებს ეძლეოდათ საშუალება ქალაქში შესვლისა და თავისუფლად გადაადგილებისა. რიჩარდ ლომგულმა 9 ოქტომბერს გამარჯვებულმა დატოვა წმინდა მიწა და ფეხით გაემართა ინგლისისაკენ.
იერუსალიმის სამეფის მეფედ დარჩა რიჩარდის ახლო ნათესავე შამპანის გრაფი ანრი II. სალადინი კი ზავის დადებიდან რამდენიმე თვეში 1193 წელს გარდაიცვალა.

მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა
მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობა – ჯვაროსნული ლაშქრობა 1202-1204 წწ. დაიგეგმა ეგვიპტის წინააღმდეგ, მაგრამ ვენეციელი ვაჭრების მზაკვრული გეგმის წყალობით იგი ბიზანტიის საწინააღმდეგოდ შემობრუნდა. თეობალდ III-ის გარდაცვალების შემდეგ სათავეში ჩაუდგა ბონიფაციუს I მონფერატი.
წინარე ისტორია
XIII საუკუნის დამდეგს ბიზანტიის სამეფო კარზე დიდი არეულობა სუფევდა. 1204 წელს თამარ მეფემ ფრიად თამამი გადაწყვეტილება მიიღო – საბაბად გამოიყენა ბიზანტიის იმპერატორ ალექსი ანგელოსის მოხელეთა მიერ თამარისგან დასაჩუქრებული ბერების გაძარცვა და ბიზანტიის კუთვნილ სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში ჯარი გაგზავნა. ქართულა ჯარმა დაიპყრო ეს ტერიტორია და იქ ტრაპიზონის საკეისრო დააარსა. თამარმა ტრაპიზონის მეფობა საქართველოში აღზრდილ ალექსი კომნენოსს ჩააბარა. ამ გზით საქართველომ სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან მეგობარი ქრისტიანული სახელმწიფო შეიძინა.

ისტორია
იმავე 1204 წელს ჯვაროსნებმა კონსტანტინოპოლი აიღეს და იქ ლათინთა იმპერია დააარსეს. რომლის პირველი იმპერატორიც გახდა ბალდუინ I ფლანდრიელი. ბონიფაციუს მონფერატი გახდა თესალონიკის მეფე. ლათინთა იმპერიამ 1261 წლამდე იარსება. ამ ლაშქრობის შემდეგ ჯვაროსანთა პოზიციები მცირე აზიაში ძლიერ შესუსტდა. იერუსალიმი ეგვიპტელი არაბების ხელში რჩებოდა. ევროპის მონარქებმა შემდეგი დარტყმა ეგვიპტისაკენ მიმართეს.
მერვე ჯვაროსნული ლაშქრობა
მერვე ჯვაროსნული ომი წამოიწყო საფრანგეთის მეფე ლუი IX-მ 1270 წელს. მას ზოგან მეშვიდედ თვლიან, თუ ფრედერიკ II-ის მიერ წამოწყებული მეხუთე და მეექვსე ჯვაროსნული ომები გაერთიანდა. ხშირად მეცხრე ჯვაროსნულ ომსაც მერვეს ნაწილად თვლიან.

ისტორია
ლაშქრობის წამოწყების მიზეზად ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები ითვლება. ლუი შეაშფოთა სირიის მოვლენებმა, სადაც მამლუქი სულთანი ბაიბარსი ჯვაროსნული სახელმწიფოების ნარჩენებს უტევდა. ბაიბარსმა იხელთა მომენტი ვენეციასა და გენუას შორის გაჩაღებული ომის შემდეგ, რის შედეგადაც მათი გავლენა სირიულ პორტებზე საგრძნობლად შესუსტდა. 1265 წლისთვის ბაიბარსმა აიღო ნაზარეთი, ჰაიფა, ტორონი და არსუფი. კვირპროსის ჰუგო III, რომელიც იერუსალიმის მეფედ იყო დანიშნული, აკრაში გადმოსახლდა ქალაქის დასაცავად, მაშინ როცა ბაიბარსი ჩრდილოეთით მოიწევდა და სომხეთსაც კი მოაღწია, რომელიც იმჟამად მონღოლთა დაქვემდებარებაში იყო.
ამ მოვლენებმა ლუი აიძულა 1267 წელს ახალი ჯვაროსნული ომი გამოეცხადებინა, თუმცა იმ დროისთვის ამისთვის მცირე მხარდაჭერა არსებობდა. ჟან დე ჟუანვილმა, ლუის მეშვიდე ჯვაროსნულ ომში მისი პირადი ქორონოკოსი, წასვლაზე უარი განაცხადა. ლუი მისმა ძმამ დაარწმუნა სირიის ნაცვლად ტუნისზე გაელაშქრებინა, რაც მათ კარგ დასაყრდენს მისცემდა ეგვიპტეზე თავდასასხმელად, ვინაიდან ეს ლუის წინა ჯვაროსნული ლაშქრობის მიზანი იყო, ისევე როგორც მეხუთე ლაშქრობისაც (ორივე ლაშქრობა ეგვიპტეში დამარცხდა). კარლს, სიცილიის მეფეს, ხმელთაშუა ზღვის ამ რეგიონში საკუთარი ინტერესები ჰქონდა. ხოლო ტუნისის სულთანს ასევე კარგი კავშირი ჰქონდა ქრისტიანულ ესპანეთთან და მოქცევის კარგ კანდიდატად მოაზრებოდა.
ლუი აფრიკის მიწაზე 1270 წლის ივლისში გადმოსახლდა, რაც უკიდურესად არასახარბიელო დრო გამოდგა. არმიის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლის დაბინძურების გამო მალე ეპიდემიამ მოიცვა, ხოლო თავად ლუი 25 აგვისტოს გარდაიცვალა “კუჭის ქრონიკული აშლილობის” გამო, კარლის ჩამოსვლიდან ერთ დღეში. მისი ბოლო სიტყვა “იერუსალიმი” იყო. კარლმა მეფედ ლუის ვაჟი ფილიპ III გამოაცხადა, მაგრამ მისი მცირეწლოვანების გამო ჯვაროსნულ ლაშქრობას თავად გაუძღვა.
ეპიდემიის მძვინვარების გამო ტუნისის ალყა მოიხსნა და 30 ოქტომბერს სულთანთან ხელშეკრულება დაიდო. ამ შეთანხმებით ქრისტიანებმა მოიპოვეს ტუნისში თავისუფალი ვაჭრობის უფლება, ასევე გარანტია მღვდელთა და ბერთათვის ქალაქში ცხოვრებაზე, რაც ჯვაროსნულ ლაშქრობას ნაწილობრივ წარმატებულს ხდიდა. კარლს ამ პერიოდისთვის მოკავშირედ ასევე ჰყავდა ინგლისის უფლისწული ედვარდი, რომელიც ხელშეკრულების დადების პერიოდში ჩამოვიდა. ტუნისის ალყის მოხსნის შემდეგ ედვარდმა აკრაზე გააგრძელა ლაშქრობა, რომელიც ჯვაროსანთა ბოლო გამაგრება იყო სირიაში. მის მიერ იქ გატარებული დრო უკვე მეცხე ჯვაროსნულ ლაშქრობად ითვლება.
წყარო:.wikipedia.org


No comments:

Post a Comment